სიახლეები

საქართველო - ლიტვა 4:0

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

24 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვას დაუპირისპირდა. 

დღევანდელი მატჩი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის საპატივცემოდ ქართველმა ფეხბურთელებმა შავი სამკლაურით ითამაშეს. შეხვედრაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჩვენი დროის გმირის ხსოვნას. 

შეხვედრა ვლადიმირ ვაისის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-15 წუთზე გიორგი ნავალოვსკის გადაცემით, გიორგი პაპუნაშვილმა ეროვნულ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. სწრაფი გოლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა უფრო აქტიურად შეუტია და 23-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ თავური დარტყმით ორამდე გაზარდა უპირატესობა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს კიდევ ორჯერ გაუტანეს. 32-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გიორგი ქვილითაიას წაქცევის გამო დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. მეორმოცე წუთზე ეროვნული ნაკრების 18 წლის დებიუტანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა. 

შეხვედრის მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას კვლავ ჩვენი გუნდი ფლობდა, მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 27 მარტს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. 

ესტონეთთან მატჩში გუნდს ჯანო ანანიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარებიან. მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელმა დღევანდელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მეთერთმეტე წუთზე შეცვალეს. ჯანო ანანიძე სამედიცინო ჯგუფის დაკვირვების ქვეშ არის. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, საფეხბურთო კლუბ „გენტსა“ და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ ლიტვასთან მატჩში მიიღო მონაწილეობა და 25 მარტიდან კლუბთან ერთად გააგრძელებს ვარჯიშს.

ვლადიმირ ვაისი: პირველ რიგში სწორად უნდა შევაფასოთ მოვლენები, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ამ შედეგს, ჩვენი მხირდან პირველი ტაიმი შესანიშნავი იყო. რაც წარმოგვედგინა და რაც გვინდოდა ზუსტად ის ვითამაშეთ. ვითამაშეთ ძალიან სწრაფად, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ ჯანო ანანიძის ტრავმის გამო. მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ კიდევ გავიტანეთ ოთხი გოლი, მაგრამ მისი ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან გვჭირდება. 

ჩვენ ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია მაშინ როდესაც სრული პასუხისმგებლობითა და კონცენტრაციით ვთამაშობთ. ეს იყო ის ურთიერთგაგება, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ ტაიმს. 

მეორე შეხვედრაში სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც მიიღებენ შანსს აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები ესტონეთის წინააღმდეგ. დღევანდელი თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მთავარია რომ ასე სტაბილურად ვითამაშოთ. დღეს ჩვენ გახარებულები ვართ და ხვალიდან ვიწყებთ მზადებას ესტონეთთან შეხვედრისთვის.

საქართველო - ლიტვა 4:0 

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (62’ დვალი), კვერკველია, კანკავა (62’ კვეკვესკირი), ყაზაიშვილი (83’ მერებაშვილი), ანანიძე (11’ პაპუნაშვილი), ქვილითაია (73’ არაბული), ჩაკვეტაძე (69’ აბურჯანია), გვილია, ნავალოვსკი 

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, ტაბიძე, კაჭარავა, შერგელაშვილი, ჯიღაური 

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი 

ლიტვა: შეტკუსი, გირდვაინასი, კილმავიჩიუსი, სლავიცკასი, ბოროვსკი, ვერბიცკასი (81’ პაულიუსი), ჟულპა (46’ ვორობიოვასი), ნოვიკოვასი (60’ ლასიცკასი), ჩერნიხი (81’ რომანოვსკი), შერნასი (72’ ლაუკჟემისი), ვალსკისი (46’ კუკლისი) 

სათადარიგო შემადგენლობა: ჩერნიაუსკასი, გერტმონასი, იანკაუსკასი, იანუშევსკი, ვაიტკუნასი, ბარავიკასი

მთავარი მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი 

მსაჯები: ალექსანდრუ ტინი (მოლდოვა), ვიქტორი მარდარი (მოლდოვა), ვლადისლავ ლიფცუ (მოლდოვა), ირაკლი კვირიკაშვილი (საქართველო) 

გაფრთხილება: 31’ კილმავიჩიუსი, 65’ ვერბიცკასი, 74’ ლისიცკასი, 74’ კვერკველია, 88’ სლავიცკასი 

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (პენ.) (32), 4:0 ჩაკვეტაძე (40)